Thumbnail

ბლოგი ◈ საორგანიზაციო პარადოქსები

წერილის თემა გახლავთ ცალკეული ქვეყნების ეროვნული პირველობების ჩატარების უცნაური სისტემები და ამასთან დაკავშირებული კურიოზები. ევროპაში ამ თვალსაზრისით ბელგიას, ჰოლანდიასა და შოტლანდიას გამოვარჩევდით. აზიასა და აფრიკაშიც ბევრ არაორდინალურ მაგალითს შეხვდებით. ამჯერად ლათინურ ამერიკაში მიგიპატიჟებთ, სადაც ფეხბურთი რელიგიის დონეზეა აყვანილი, გულშემატკივრებსაც გიჟურად უყვართ თავიანთი კერპები და სტადიონებზეც შესაბამისი ატმოსფერო სუფევს...

ბრაზილია

ბრაზილია ისე გახდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და სამუდამოდ დაისაკუთრა ნიკეს ქანდაკება, რომ საკუთარი ერთიანი ოფიციალური პირველობა ერთხელაც არ ჰქონდა ჩატარებული!

მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა შიდა არენაზე შტატების პირველობებით კმაყოფილდებოდა და ხილად რიო - სან პაულუს თასით ირთობდა თავს. ალბათ ამას ჰქონდა კიდეც ღრმად დამარხული ფსქოლოგიური მიზეზები. ყოველ შემთხვევაში, ის ქაოსი, რაც ერთიანი ჩემპიონატის შემოღებას მოყვა, სხვას ნამდვილად ვერ გვაფიქრებინებს.

მთლიანობაში, შტატების ჩემპიონატების გარდა, ქვეყანამ 8 სხვადასხვა დასახელების ერთიანი ტურნირების გამართვა სცადა. ჯერ იყო ბრაზილიის თასი (1959-68), მერე რობერტო გომეშ პედროსას ტურნირი (1967-70), მერე - ეროვნული ჩემპიონატი (1971-73), ისევ თასი (1974-79, 1984, 1986), "ოქროს თასი" (1980-83, 1985), "გაერთიანების თასი" (1987-88), ჟოაო აველანჟის თასი (2000) და აქამდე მოღწეული ბრაზილიის ჩემპიონატი (1989-99, 2001 - დღემდე).

არამარტო ეს შეჯიბრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან სტრუქტურითა და ორგანიზებით. ყოველმა მათგანმა (ერთჯერადების გარდა) რამდენჯერმე იცვალა ფორმატი და მონაწილეთა რაოდენობა. დღეს მხოლოდ ერთ ჩემპიონატს გავიხსენებთ, თუმცა, გარწმუნებთ, არც სხვები ჩამორჩებოდნენ მას "ორიგინალობით".

1987 წელს ფედერაციამ 28-გუნდიან ჩემპიონატი დაგეგმა. სამწუხაროდ, ცუდი სპორტული შედეგების გამო, ამათ რიცხვში ვერ მოხვდა პოპულარული "ბოტაფოგო" და 1985 წლის ჩემპიონი "კურიტიბა". აღშფოთებულმა კლუბებმა სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებთ მაინც მოიპოვეს თამაშის უფლება, რამაც მაშინვე გამოიწვია ათობით ანალოგიური სარჩელის გაჩენა სრულიად უსახელო გუნდების მხრიდან...

ფედერაცია, რომელსაც ფინანსური პრობლემებიც ახრჩობდა, ბრინჯივით დაიბნა. ამ ფონზე ყველაზე მრავალრიცხოვანი ტორსიდის მყოლმა გუნდებმა  ე.წ. "ცამეტთა კლუბი" ჩამოაყალიბეს, ზედაც 3 ("კურიტიბა", "გოიასი", "სანტა კრუსი") დაიმატეს და საკუთარი პირველობაც მოაწყვეს, რომლის ფინალშიც ზიკოს "ფლამენგომ" "ინტერნასიონალი" დაამარცხა.

ფედერაციამ არ შეიმჩნია მომხდარი, დასრულებული ჩემპიონატი საკუთარი პროექტის ნაწილად გამოაცხადა და მას "მწვანე მოდული" დაარქვა. პარალელურად გაიმართა "დანარჩენთა" ტურნირი - "ყვითელი მოდული", სრულიად უაზრო ასპარეზობა, რომელიც შესაბამისი შედეგით დასრულდა. რიგით მეორე ფინალში "გუარანიმ" და "სპორტ რესიფემ" ჯერ თითო მატჩი მოიგეს (2-0, 0-3 - ბურთების შეფარდება არ ითვლებოდა), მერე პენალტების გაუთავებელი სერიით იხალისეს (11-11), ბოლოს კი შეწყვიტეს შეჯიბრი და ორივენი ჩემპიონებად გამოცხადდნენ!!!

მაგრამ ესეც არ იყო დასასრული. ფედერაციას ახლა მესამე ფინალი მოუნდა და წინა ორის ფინალისტების გაჯიბრება გადაწყვიტა. "ფლამენგომ" და "ინტერმა" არ ისურვეს მონაწილეობა და მყისვე დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. "გუარანი" და "სპორტ რესიფე" კი ისევ ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ!!!

ქულათა თანაბრობის შემთხვევაში, პენალტების თავიდან ასაცილებლად, მესამე მატჩის გამართვა გადაწყდა, ხოლო თუ ისიც ვერ გამოავლენდა უძლიერესს, ჩემპიონად "სპორტ რესიფეს" გამოაცხადებდნენ. საბედნიეროდ, ქვეყანა გადარჩა საბოლოო გაბაიბურებას. პირველი ფრის შემდეგ რესიფეში მასპინძელს მსაჯიც მიემხრო და მარკო ანტონიოს თავურით "სპორტმა" ნანატრი ტიტული საბოლოოდ გაიფორმა.

იქამდე, 1980 წელს, იყო შემთხვევა, როდესაც ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში თავიდან 40 უძლიერესი გუნდი ჩაება, ამათგან 28 მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც საპლეიოფოდ მათ 4 მეორელიგელი დაემატა. ანუ, თეორიულად შეიძლებოდა გუნდს წელი დაბალ ლიგაში დაეწყო და ჩემპიონად დაესრულებინა!

არგენტინა

თავდაპირველად, აქ ყველაფერი მშვიდად ლაგდებოდა. 1931 წელს შემოღებულ პროფესიულ ჩემპიონატს სისტემაც ევროპული ყაიდისა ჰქონდა და არც ორგანიზება დაეწუნებოდა. მერე და მერე, მეზობლების გავლენამ იძალა და არგენტინაშიც დაიწყეს სეზონის ორად დაყოფა. ერთ ნახევარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ათამაშებდნენ ("ნასიონალი"), მეორეს - მხოლოდ ბუენოს-აირესისა და შემოგარენის შიგნით ("მეტროპოლიტანო"). შიგა და შიგ ჩემპიონატები ერთიანდებოდა, ისევ იშლებოდა ("აპერტურა", "კლაუსურა") ან ერთ წრედ იმართებოდა.

ამათი "ნოუ ჰაუდან" გამოვყოფ 3 მომენტს:

ჯამური პროცენტული სისტემა

გასავარდნთა და კონტინენტურ ტურნირებზე გამსვლელთა გამოვლენის ამ სისტემით ბევრი ჩემპიონტი იმართება, მაგრამ ესენი პირველები იყვნენ, ვინც 3 წლის ჯამური შედეგები დათვალა, გაყო ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე და ამაზე დაყრდნობით დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. ამადაა, რომ დღევანდელი სატურნირო ცხრილის მიხედვით უმოტივაციო მატჩებში ფეხბურთელები გააფთრებით იბრძვიან ქულის მოსაპოვებლად, ფსონების მოყვარულთ კი ერთბაშად 3-4 ცხრილის მომარჯვება უწევთ იმის გასაგებად, ვინ ვარდება და ვინ გადის ლიბერტადორესის ანაც სუდამერიკანას თასზე...

ლიგის გაფართოება 30 გუნდამდე

განსვენებულმა ხულიო გრონდონამ, რომელიც 9-ჯერ აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად და იქიდანვე გაასვენეს, "მაოხრებელი გზირის" სტილის საჩუქარი დაუტოვა საფეხბურთო სამშობლოს. და ეს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით განვითარებაზე ფიქრობს! ახლა "მადლიერი შთამომავლობა" ეტაპობრივად ცდილობს პრობლემის გადაჭრას და 5-წლიან გეგმას ახორციელებს სტატუს ქვოს აღსადგენად.

დერბების ტურები

ეს სიახლე ცოტა ხანს შერჩა. არადა, ყველაზე საინტერესი ჩანდა. მოგეხსენებათ, ჩვენგან განსხვავებით, უცხოეთში თითქმის არავინ გულშემატკივრობს საკუთარი ქვეყნის სხვა კლუბებს - გარდა მისთვის საყვარელისა. არგენტინაში ეს მომენტი განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. ჰოდა, ორიოდე წლის წინ გადაწყდა, რომ ერთწრიანი 29 ტურისგან შემდგარი პირველობის პროგრამას დაემატებოდა სპეციალური "დერბების ტური", სადაც 15 წყვილი ერთ დღეს შეასკდებოდა ერთმანეთს იმის მინდორზე, ვისაც რეგულარულში "მოსისხლეს" სტუმრობა უწევდა. ეს ათანაბრებდა გუნდების მდგომარეობას, გულშემატკივრებს კი უორმაგებდა ინტერესს ტურნირისადმი.

ერთადერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ ტრადიციულ "მტრებს" ("ბოკა" - "რივერი", "ინდეპენდიენტე" - "რასიგი", "როსარიო" - "ნიუელსი" და სხვა)  ახლად დაპირისპირებული, ხელოვნური წყვილები დაემატა. თანაც, გავარდნილების ნაცვლად აღზევებულებისთვის ან უმეტოქეოდ დარჩენილთათვის ყოველ ჯერზე ახალი "მტრის ხატის" შექმნაც პრობლემატური გამოდგა.

პერუ

აქაც პირველობის ჩატარების ფორმულა, ისევე როგორც მონაწილეთა რაოდენობა, თითქმის ყოველწლიურად იცვლებოდა. მაგალითისთვის ავიღოთ 2007-09 წწ. სეზონები. 2007 წელს პრიმერა დივიზიონში 12 კლუბი ასპარეზობდა. წლის მანძილზე ისინი 2 სრულფასოვან (2-წრიან) ჩემპიონატს მართავდნენ, ბოლოს კი კულმინაციის დროც დგებოდა - "აპერტურასა" და "კლაუსურას" გამარჯვებულები ორრაუნდიან შემაჯამებელ დუელში ათამაშებდნენ წლის "ოქროს". ბუნებრივია, თუ ორივე ტურნირს ერთი და იგივე გუნდი მოიგებდა, ის უთამაშებლად გამოცხადდებოდა სეზონის ტრიუმფატორად.

აქამდე ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია. თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიცხადეა. "ოქროს ფინალში" მოსახვედრად "აპერტურას" ჩემპიონს მართებდა "კლაუსურას" ცხრილში მინიმუმ პირველ ექვსეულში მოხვედრა (იგივე სარკისებურად ეხება "კლაუსურას" ჩემპიონს).

იმ წელს ერთი ტურნირი "სან მარტინმა" მოიგო, მეორე "ბოლონიეზემ". თუმცა, სანუკვარ ექვსეულში მეორე ჯერზე ვერც ერთი მოხვდა ("ბოლონიეზე" საერთოდ მე-12 ადგილზე დარჩა). სესაბამისად, ფინალი ჩაიშალა, ტიტული კი "სან მარტინს" მიანიჭეს უკეთესი ჯამური მაჩვენებლის გამო.

ისტორია გამეორდა შემდეგ წელსაც. აქ უკვე 14 გუნდი ასპარეზობდა და, შესაბამისად, ჩემპიონებს მეორე (ან წინა) პირველობაში უძლიერეს "შვიდეულში" უნდა მოეხერხებინათ მოხვედრა. "სან მარტინმა", რომელმაც ვადამდე გაინაღდა დასკვნითი ნაწილის ჩემპიონობა, ბოლო ტურებში სპეციალურად წააგო "პირველი" ჩემპიონი "უნივერსიტარიოს" კონკურენტებთან, არ შეუშვა იგი "შვიდეულში" და წლიური ტიტულიც ამის წყალობით მოიპოვა!

ბოლივია

აქაურმა პრიმერა დივიზიონმა, ორიგინალობით, ვფიქრობთ, ყველას გადააჭარბა. მეზობელი პერუს მსგავსად, მონაწილეთა რაოდენობა აქაც მუდმივად იცვლებოდა. გათამაშების ფორმულა კი ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული.

მაგალითისთვის განვიხილოთ 2009 წლის სეზონის ორივე ჩემპიონატი. წესები ერთნაირი გახლდათ - ასევე, ლიგის შემადგენლობაც - 12 კლუბი ჯერ ორ წრედ ეჯიბრებოდა ერთმანეთს 6-გუნდიან ჯგუფებში, მერე კი პლეი-ოფში ავლენდა ჩემპიონს. თითქოს მარტივი სქემაა, მაგრამ რატომღაც ¼-ფინალში ჯგუფებიდან 4-ს ნაცლად 3-3 გუნდი გადიოდა და  წყვილიც, შესაბამისად, მხოლოდ 3 დგებოდა. მაშ როგორღა უნდა დაკომლექტებულიყო ½-ფინალური წყვილები? აი როგორ: 3 გამარჯვებულთან ერთად შემდეგ ეტაპზე გადიოდა ¼-ფინალში ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხებული გუნდი - ამგვარად, "ბლუმინგთან", "სტრონგესტთან" და "ორიენტე პეტროლეროსთან" ერთად ამ უკანსკნელის მიერ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დამარცხებული (1-1, 0-0) "ბოლივარიც" გავიდა. ½-ფინალში ამ გაუგებრობაში მოხვედრილი "ბოლივარი" იშტაზე მოვიდა და ფავორიტ "სტრონგესტს" შინ და გარეთ ერთნაირად მოუგო 2-1, 2-1.

სრული აბსურდისგან ქვეყნის ისედაც შერყეული საფეხბურთო პრესტიჟი "ბლუმინგის" ფორვარდმა და სილვამ იხსნა, როდესაც მეორე ფინალური შეხვედრის 70-ე წუთზე გააყაიმა და ორი მატჩის ჯამში თავისიანებს მინიმალური სხვაობით დაუბევა "ოქრო" (1-0, 1-1).

ერთი წლით ადრე, 2005/06 წწ. სეზონში სხვა ტიპის პრობლემა შეიქმნა. გაუგებარი რეგლამენტის გამო, "აპერტურას" დაწყება აგვისტოსთვის გადაიდო, იქამდე კი "მოკლე" ტურნირი (თებერვალი - ივნისი) გაიმართა, რომლის აუტსაიდერიც შუა სეზონში (ივლისში) გავარდა ლიგიდან. ქვედა დივიზიონი ამ დროს ერთიან ჩემპიონატს ატარებდა და ვერც ეს გუნდი დაიმატა და ვერც სანაცვლო აღაზევა პრიმერაში!

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები