Thumbnail

მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავმა საქართველოს სახელით გამოსვლაზე უარი თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა დარია ბილოდიდმა საინტერესო ამბავი გაამხილა
  • 18 წლის გოგონამ საქართველოს გარდა, უარით აზერბაიჯანი და საეიმიროები გაისტუმრა

ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა, 18 წლის უკრაინელმა გოგონამ დარია ბილოდიდმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა მოქალაქეობის შეცვლას და დიდ თანხას სთავაზობდა, რომელთა შორის იყო საქართველოც.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დარიამ იაპონელი ფუნა ტონაკი დაამარცხა

მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავმა 5.UA-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავისი დროშის ქვეშ გამოსვლას, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც სთავაზობდნენ.

დარია ცნობილი უკრაინელი ძიუდოისტების, გენადი ბილოდიდისა და სვეტლანა კუზნეცოვას ქალიშვილია. გოგონამ შარშან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, წელს კი სექტემბერში, ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. ბაქოში ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო (18 წელი მოგვიანებით შეუსრულდა) და ის ძიუდოს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი.

დარია ამაყად აცხადებს, რომ უკრაინის პატრიოტია

"ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატრიოტი ვარ. რა თქმა უნდა, გვაქვს ფინანსური პრობლემები, არ გვაქვს კარგი ოლიმპიური ბაზა და ძალიან ცუდ პირობებში ვართ. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა რომ ნახონ, როგორ ვვარჯიშობთ, ალბათ, შოკში ჩავარდებიან. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთვის მაინც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კვარცხლბეკზე ვდგავარ და სწორედ ჩემი ქვეყნის ჰიმნი მესმის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რომელი ქვეყნები მთავაზობდნენ მათი დროშის ქვეშ გამოსვლას? აზერბაიჯანი, საქართველო, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. რა თქმა უნდა, ეს დიდ ფულს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ეს არაა მთავარი", - ამბობს დარია.

ულამაზესი უკრაინელი გოგონა მსოფლიო ძიუდოს ნამდვილი ვარსკვლავია

აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო მხოლოდ ვაჟთა გუნდით გამოვიდა და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. ბაქოში ჩემპიონობა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) გახდა, ხოლო ბრინჯაოს ამირან პაპინაშვილი (-60) დაეუფლა. 

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას აქამდე ერთადერთი ნატურალიზებული სპორტსმენი, ჰოლანდიელი ესტერ სტამი იცავდა (-70 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები