Thumbnail

ანდრეა პირლოს თამაში - იტალიური ფეხბურთის ლეგენდის 10 გამონათქვამი

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე

ანდრეა პირლო ფეხბურთს საერთოდ სხვა სიბრტყიდან უყურებდა და ეს მის ქმედებებში მკაფიოდ ჩანდა. მეტსახელი ‘მაესტრო’ მისი ისტორიის ნაწილს თავად ჰყვება, პირლოს პერსონაზე მეტნაკლებად სრული წარმოდგენა სხვადასხვა თემებზე მის მოსაზრებებთან გაცნობითაც შეიძლება.

ვეტერან იტალიელს ძალიან ცოტა რამ ადარდებს, ფლეისთეიშენი თანამედროვე სამყაროს მთავარ მამოძრავებელ ძალად მიაჩნია, პეპის ბარსას მიმართ კი განსაკუთრებული დამოკიდებულება პირველი დღიდან ჰქონდა… ანდრეა პირლოს საინტერესო გამონათქვამების მოძიება ათეულობით შეიძლება, მისი ყველა ინტერვიუ ფრთიანი ფრაზებით არის სავსე. ჩვენ შევეცადეთ, 10 სხვებზე საინტერესო შეგვერჩია:

მაცონე და ანჩელოტი

როდესაც უკან ვიყურები, ვხვდები, რომ ყველაზე დიდ ვალში კარლო მაცონესა და კარლო ანჩელოტისთან ვარ. ისინი იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები მათ შორის, ვინც ოდესმე მყოლია.

ანჩელოტისთან როლში სწრაფად და სწორად შევედი, ეს იმიტომ მოხდა, რომ მას ჩემი სჯეროდა. სჯეროდა და მენდობოდა იმის მიუხედავად, რომ გუნდში ჩემზე გამოცდილი მოთამაშეები ჰყავდა.

თამაშის ხედვა

თამაშის ჩემეული აღქმა სხვანაირია. ყველაფერი დამოკიდებულების და ფართო ხედვის ამბავია. უნდა შეგეძლოს მოედანზე მიმდინარე პროცესების საერთო სურათში მოქცევა.

ბორბალი და ფლეისთეიშენი

ბორბლის შემდეგ, ფლეისთეიშენი ყველა დროის საუკეთესო გამოგონებაა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რამდენი მატჩი ვითამაშე ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ეს რიცხვი რეალური თამაშების რიცხვს ოთხჯერ აღემატება.

მილანელოში პირლო ნესტას წინააღმდეგ კლასიკური დაპირისპირება იყო. სასაუზმოდ სპეციალურად ადრე ჩავდიოდით, რომ შემდეგ თამაში მოგვესწრო.

სექსი და ფეხბურთი

ხშირ შემთხვევაში, ფეხბურთი სექსზე უკეთესია: გრძელდება უფრო დიდხანს და თუ რამე გეგმის მიხედვით არ მოხდა, მხოლოდ შენი ბრალიც არ არის. მაგალითისთვის, ანტონიო კასანო ავიღოთ. ამბობს რომ 700-ზე მეტ ქალთან ეძინა, თუმცა იტალიის ნაკრებს მიღმა დარჩა. შეიძლება ის გულის სიღრმეში ბედნიერი იყოს? მე არ ვიქნებოდი.

სტრესთან გამკლავება

ზეწოლას არასდროს განვიცდი. 2006 წლის 9 ივლისს, კვირას, ბერლინში მთელი დღე ძილსა და ფლეისთეიშენის თამაშში გავატარე. საღამოს მოედანზე გავედი და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე.

გახურება მატჩის წინ

მატჩის წინ გახურებები მეტი არაფერია, თუ არა ფიზ-მომზადების მწვრთნელების მასტურბაციის აქტი. ‘გულისამრევი და არაფრის მომცემი პროცესია' - ამბობდა პირლო.

ბარსას ფილოსოფია

მათი ფილოსოფია ასეთია: ‘ბურთი ჩვენია და მის ჩვენთან დატოვებას ვაპირებთ.’ ამას ინტუიტიური ურთიერთგაგება ემატება და ეს ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავია, რომ ღმერთის მიერ ორკესტრირებულს ჰგავს. ეს არის როლექსი სვოჩის ელემენტებით, ბოლომდე დახვეწილი და ექსტრემალურად გამძლე.

საკუთარი გოლები

მკვდარ ბურთებს ვურტყამ - ალა პირლო. ყველა მათგანი ჩემს სახელს ატარებს, ისინი ჩემი შვილები არიან.

ბერლინის ფინალი

კარიერის განმავლობაში არც ისე ცოტა კილომეტრი მაქვს ნარბენი, მაგრამ მახსენდება მოკლე დისტანციები, რომელმაც ძალები ბოლომდე გამაცალა. ეს შენი მენტალური გამძლეობის საზომი უფროა ვიდრე სისწრაფის. ნილ არმსტრონგის შემთხვევაში ეს მთვარის ზედაპირზე სიარული იყო, ჩემს შემთხვევაში - ოლიმპიაშტადიონის ხასხასა მწვანე გაზონი.

საკუთარ თავზე

მოედანზე ცნობისმოყვარე ბოშას ვგავარ. ვარ ნახევარმცველი, რომელიც გამუდმებით ეძებს აუთვისებელ კუთხეს, სადაც მცირე დროის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილება შეეძლება.

იმისთვის, რომ ვიყო საკუთარი თავი, ორიოდე კვადრატული მეტრი მჭირდება. ადგილი, სადაც შემეძლება ჩემი პროფესია და რწმენა შევახამო: მივიღო ბურთი, გადავაწოდო თანაგუნდელს და მან გოლი გაიტანოს. ამას ასისტი ქვია და ეს ბედნიერების გავრცელების ჩემეული ხერხია.

კომენტარები

ბოლო ამბები