Thumbnail

ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა - პარუნაშვილის თანაგუნდელი ტრავმებმა გააწამა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აიაქსისა და რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
  • 35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ბოლოს დანიურ ესბიერგში გამოდიოდა

აიაქსისა და რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელიც ბოლოს დანიური იესბიერგის ღირსებას იცავდა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. არადა, 35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილის გუნდში, მინიმუმ, სეზონის ჩამთავრებას აპირებდა. 

ვან დერ ვაარტმა დანიურ კლუბთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, მაგრამ ტრავმების გამო სულ 4 მატჩის ჩატარება შეძლო.

"ახლავე უნდა დავამთავრო. აქ რეაბილიტაციისთვის კი არა, ფეხბურთის სათამაშოდ მოვედი. მინდოდა თამაში, მაგრამ ასე გამოვიდა. მადლობელი ვარ ამ წლებისთვის. მხოლოდ დადებითი გრძნობები მაქვს ყველა გულშემატკივრის, თანაგუნდელისა თუ სტადიონების თანამშრომლების მიმართ - "ამსტერდამ არენიდან" დაწყებული, "სანტიაგო ბერნაბეუთი" დამთავრებული, სადაც მითამაშია. ეს დიდებული დრო იყო", - აქვეყნებს ვან დერ ვაარტის ნათქვამს De Telegraaf.

ვან დერ ვაარტი და დირკ კუიტი ეროვნული გუნდიდან ერთად გააცილეს

ვან დერ ვაარტს ამსტერდამის აიაქსში დებიუტი 2000 წელს ჰქონდა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს მადრიდის რეალის, ლონდონის ტოტენჰემისა და ჰამბურგის ღირსებას იცავდა. ესბიერგში ის მიდტიულანდიდან გადავიდა. 

ვან დერ ვაარტი ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2010 წლის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ეროვნულ გუნდში მის ანგარიზე 109 მატჩი და 25 გოლია. ნახევარმცველი ნაკრებიდან ამ შემოდგომაზე გააცილეს.

დანიის სუპერლიგაში გასული 15 ტურის შემდეგ, იესბიერგს 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ლაშა პარუნაშვილმა ჩემპიონატის 14 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები