Thumbnail
  • ბაიერნის პრეზიდენტმა ზაფხულში დიდი წმენდა დაანონსა
  • რეკორდმაისტერის ფავორიტი მარკო ასენსიოა
  • მიუნხენში რამდენიმე ფეხბურთელზე ფიქრობენ

ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, რომ მიუნხენურ გრანდში დიდი საკადრო ცვლილებები იგეგმება - ოღონდ არა ზამთარში, არამედ სეზონის დასრულების შემდეგ. ცხადია, რეკორდმაისტერის გულშემატკივრებს ერჩივნათ, რომ კლუბის ბოსებს ამის აუცილებლობა უფრო ადრე შეემჩნიათ და კრიზისი თავიდან აეცილებინათ, მაგრამ ბაიერნის ფანებისთვის ამაზე დარდს უკვე აზრი აღარ აქვს. ახლა საინტერესო ისაა, ვის გაუშვებენ და ვის მიიყვანენ ბავარიულ გრანდში.

ბოლო დღეებში სხვადასხვა ქვეყნების მედიასაშუალებებმა ბაიერნს არაერთი ფეხბურთელის ბედი დაუკავშირეს. რამდენიმე გერმანული ვებგვერდი იმასაც წერდა, რომ რეკორდმაისტერს ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძეც აინტერესებს.

ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, რომ ზაფხულში რეკორდმაისტერში დიდი ცვლილებები იქნება

ესპანური “დიარიო გოლი” იტყობინება, რომ არგენტინელი პაულო დიბალას უარის შემდეგ, ბაიერნის სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილზე რეალის შემტევი მარკო ასენსიოა და მიუნხენელები მზად არიან, “სამეფო გუნდს” დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

როგორც იცით, მიუნხენში პირველ რიგში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელებს ეძებენ. ერთ ფლანგზე რეკორდმაისტერს კინგსლი კომანი ჰყავს, მეორე ფლანგისთვის კი - ასენსიოს უმიზნებს. 22 წლის გარემარბს რეალთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. მადრიდელებს მისი გაშვება არ უნდა სურდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას მერე, რაც რეალი სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა, ასენსიოს არ ეძლევა იმდენი სათამაშო დრო, რამდენსაც ისურვებდა, რაც, შესაძლოა, გახდეს კიდეც ტრანსფერის გადამწყვეტი მიზეზი.

მიმდინარე სეზონში მარკო ასენსიომ 17 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა - მის აქტივშო 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ის რეალში 2016 წლიდან თამაშობს და უკვე ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა...

შეგახსენებთ, რომ ბაიერნში გადასვლის კანდიდატები ასევე არიან აარონ რემსი (არსენალი), კრისტიან პულიშიჩი (დორტმუნდი), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი), მატიის დე ლიხტი (აიაქსი), ნიკოლა პეპე (ლილი) და ნაბილ ფეკირი (ლიონი).

კომენტარები

ბოლო ამბები