Thumbnail

ლუკა დონჩიჩის ამბავი - საუკეთესო, რაც ახლა NBA-ში ხდება

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე
  • დალას მავერიქსი - ჰიუსტონ როკეტსი 128:120
  • ლუკა დონჩიჩმა 24 წუთში 20 ქულა ჩააგდო

2018 წლის დრაფტის წინ, საკალათბურთო მიმომხილველები და ანალიტიკოსები თანხმდებოდნენ, რომ ლუკა დონჩიჩი უძლიერეს ლიგაში სათამაშოდ მზად იყო, ვერ თანხმდებოდნენ, შეძლებდა თუ არა იქ იგი კალათბურთის იგივე დონეზე თამაშს, როგორც ამას ევროპაში აკეთებდა.

ლუკა დონჩიჩმა NBA-ში უკვე 18 შეხვედრა გამართა, ბოლო მათგანი მისმა დალას მავერიქსმა ჰიუსტონში როკეტსს მოუგო და სეზონის სტარტზე საკუთარი ბალანსი დადებითი გახადა, 10-9. ტოიოტა ცენტრში სლოვენიელმა ფოინთ გარდმა თავისი ამერიკული კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა.

უკვე შეხვედრის სტარტზე ჰარდენს ერთ-ერთზე აჯობა, რთული სამიანი ისროლა და ჩააგდო. მალევე, ანალოგიური პოზიციიდან კიდევ ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად. 19 წლის ევროპელის ანგარიშზე ერთი ეფექტური დანქი და მოედნის ცენტრიდან ჩაგდებული ბაზერიც არის. ჯამში, 24 წუთის (!) განმავლობაში ლუკამ 20 ქულა ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ მოხსნა და 2 ასისტი გააკეთა.

ლუკა დონჩიჩის საუკეთესო ეპიზოდები

დალასმა ჰიუსტონს 20 ქულის სხვაობით, 128-120 მოუგო. მატჩში სლოვენიელ ლეგიონერზე უკეთესი ციფრები მხოლოდ ჯეიმს ჰარდენს ჰქონდა: 25 ქულა, 17 პასი და 11 მოხსნა.

ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონის სწრაფ პროგრესზე როკეტსის მწვრთნელმა, მაიკ დ'ანტონიმ მატჩის დასრულების შემდეგ ისაუბრა. წარსულში ვარსკვლავურმა მოთამაშემ და წარმატებულმა მწვრთნელმა (მათ შორის ევროპაში) თქვა, რომ ლიგაში თამაშის წესები იცვლება და ეს ტენდენცია ლეგიონერებს ადაპტაციაში ეხმარება.

'ახლა გაცილებით დიდი მსგავსებაა. თამაში ნაკლებად ფიზიკური გახდა, ვისაც შესაბამისი მონაცემები აქვს წარმატებას უფრო იოლად აღწევს. ნაკლები მუშტიკრივია და მეტი კალათბურთი. ეს მხოლოდ მათთვის არ არის კარგი, ეს ზოგადად ლიგას წაადგება.' - განაცხადა დ'ანტონიმ.

მიმდინარე სეზონში ლუკა დონჩიჩის საშუალო მაჩვენებლები 19.1 ქულა, 5.6 მოხსნა და 4.3 სამი პასია. ეს ციფრები მას სეზონის საუკეთესო ახალწვეულის (Rookie of the Year) წოდების მოპოვების კარგ შანსს აძლევს.

'ეს საოცარია, თუ მართლა კარგი მოთამაშე ხარ ადაპტაციაც იოლად მიდის. თქვენც და მეც ვთანხმდებოდით, რომ კარგად ითამაშებდა. შედეგები, რომლებსაც მან 17 და 18 წლის ასაკში ევროპაში მიაღწია დასაფასებელია, ამის გაკეთება იოლი არ არის.' - ესეც როკეტსის მთავარი მწვრთნელის სიტყვებია.

ლუკა დონჩიჩის თამაში გულშემატკივართა შორისაც აქტიური განხილვის საგანია, სლოვენიელს უკვე ლებრონ ჯეიმსსაც ადარებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები