Thumbnail

ნეიმარი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ვარსკვლავია. მასთან მიმართებაში ფეხბურთის მოყვარულთა აზრი ორად იყოფა - ბრაზილიელს ჰყავს გულმხურვალე ქომაგები და კრიტიკოსები, რომლებსაც ის ძალიან არ უყვართ. მის მიმართ ნეიტრალური არავინაა. მის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც თავისი არგუმენტები აქვთ. 26 წლის ნეიმარი თავისი საფეხბურთო კარიერის პიკს უახლოვდება და საინტერესოა, თუ რა ძალაა იგი, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

რატომ (არ) უყვართ ნეიმარი?

ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე და ტელეეკრანთან იზიდავს. მას თამაშის ძალიან ესთეტიკური მანერა აქვს და თანამედროვე ათლეტურ ფეხბურთში ის იშვიათი მოთამაშეა, რომელსაც ერთი-ერთზე ოპონენტის დრიბლინგით მოტყუება ეფექტურად შეუძლია. ამ კომპონენტში იგი მხოლოდ ლეო მესის ჩამოუვარდება. გულშემატკივრისთვის ნეიმარი სანახაობასთან ასოცირდება.

მეორე მხრივ, ნეიმარი და მისი 222-მილიონიანი ტრანსფერი ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში იქცა ფეხბურთში არანორმალური ფულის შემოსვლის სიმბოლოდ. ეს ტენდენცია ფეხბურთის მომავალს საფრთხეს უქმნის. გულშემატკივარს ასევე ხშირად აღიზიანებს ნეიმარის გამომწვევი ქცევა, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა - გამუდმებული სიმულაცია, ეგოიზმი, უპატივცემულობა ოპონენტებისა და თანაგუნდელების მიმართ.

წინააღმდეგობრივია მისი კარიერული მიღწევებიც. მის ანგარიშზე რამდენჯერმე მოგებული საფრანგეთის და ესპანეთის ჩემპიონატები და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა, თუმცა გასულ სეზონში იგი ვერც პარი სენ-ჟერმენს დაეხმარა, წარმატებით გამოსულიყო ჩემპიონთა ლიგაში და ვერც ბრაზილიის ნაკრებს მოაგებინა მუნდიალი.

ბარსელონადან პარიზში - გზა გუნდის ლიდერობისკენ

ბარსელონაში ნეიმარს ძალიან წარმატებული 4 წელი ჰქონდა. სწორედ კატალონიაში ჩაატარა ბრაზილიელმა თავისი კარიერის ყველაზე წარმატებული სეზონი 2014-2015 წლებში, როდესაც ბარსამ ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით ყველა ტურნირი მოიგო. მესი-ნეიმარი-სუარესის სამეული თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მრისხანე შემტევ იარაღად მიიჩნეოდა.

წარმატებების მიუხედავად, ნეიმარი მაინც წავიდა. მისი წასვლის მთავარი მიზეზი კოლოსალურად მდიდრული კონტრაქტის გარდა (30 მილიონი წელიწადში), ნეიმარის ამბიცია იყო. ამბიცია იმისა, რომ გამხდარიყო წამყვანი ევროპული გრანდის უპირობო ლიდერი და მიეყვანა ეს გრანდი ევროპულ ფეხბურთში დომინაციამდე. მას იმ გზის დამოუკიდებლად გავლა სურდა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ და მესიმ გაიარეს.

ბარსელონაში გუნდის მთავარ ვარსკვლავად ლეო მესი მიიჩნეოდა. ნეიმარმაც გუნდურ წარმატებებს უფრო რისკიანი გზა არჩია და გადაწყვიტა, რომ მას ისეთ გუნდში სურდა თამაში, რომელშიც იგი იქნებოდა ერთადერთი ლიდერი. ამისთვის მან პარი სენ ჟერმენი აირჩია. ამ არჩევანს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პარიზელთა უკიდეგანო ფინანსური რესურსები; გუნდის ხელმძღვანელობის მზადყოფნა, წარმატებისათვის მოახდინოს ნებისმიერი თანხის ინვესტირება; პარიზელების დიდი მარკეტინგული პოტენციალი - პსჟ , ფაქტობრივად, ერთადერთი გუნდია მრავალმილიონიან პარიზში; პარიზულ კლუბს ევროპული გრანდისთვის ისტორია თითქმის არ აქვს და ისინი მზად იყვნენ, რომ ნეიმარი გუნდის უპირობო ლიდერად ექციათ და კლუბი მის გარშემო აეწყოთ.

თუკი გადავხედავთ ნეიმარის სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მისი სურვილი შესრულდა. ბარსელონასთან შედარებით გაიზარდა მისი შედეგიანობა - პარიზში მას 49 შეხვედრაში 44 გოლი აქვს შეგდებული, რაც ძალიან დიდი ციფრია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმარი მოედნის სიღრმიდან თამაშობს.

პარიზულ კლუბში ნეიმარის შედეგიანობა, ფაქტობრივად, გაორმაგდა. გასაგებია, რომ საფრანგეთში პარიზულ კლუბსა და დანარჩენ ლიგას შორის ძალთა ბალანსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონასა და სხვა გუნდებს შორის, თუმცა ბრაზილიელის შედეგიანობის ზრდა პირველ რიგში იმ ფაქტით უნდა აიხსნას, რომ პარიზში გუნდის თამაში მასზეა აწყობილი. ამას კიდევ ერთი მაჩვენებელიც ადასტურებს. პარიზში ნეიმარი ბევრად უფრო ხშირად თამაშობს პასში, ვიდრე ამას კატალონიაში აკეთებდა. გასულ სეზონში იგი თამაშში საშუალოდ 66 პასს აკეთებდა - ეს ძალიან დიდი ციფრია, განსაკუთრებით შემტევისთვის, და გვაჩვენებს, რომ ნეიმარი გუნდის თამაშს მთლიანად უძღვება.

შედარებისთვის: ნეიმარმა ბარსელონაში გატარებული 4 წლის მანძილზე მხოლოდ ერთ სეზონში შეძლო თამაშში საშუალოდ 50 პასიან მაჩვენებელს გადასცდენოდა. მის პირველ სეზონში კი იგი ლა ლიგაში სულ რაღაც 36.6 პასს აკეთებდა თამაშში.

ამავე დროს, მთელი ამ წლების განმავლობაში, ნეიმარს პასის დაახლოებით იდენტური სიზუსტე აქვს და თითქმის ყოველთვის სცდება 80 პროცენტიან მაჩვენებელს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზში ნეიმარის პასების რაოდენობის ზრდა, არა მისი პირადი პროგრესით, არამედ გუნდის სათამაშო პრიორიტეტით უნდა აიხსნას. ბარსელონაში იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, პარიზში კი თამაში მასზეა აწყობილი, იგი გუნდის უპირობო ლიდერია და მის მიერ შესრულებულმა პასების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად მოიმატა.

თუ შევადარებთ ნეიმარის მაჩვენებელს სხვა ევროპული გრანდების ლიდერებს - იმ მოთამაშეებს, რომლებიც დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებენ მინდორზე და მსგავს სტილში თამაშობენ, აღმოვაჩენთ, რომ ნეიმარი ყველა სხვა მოთამაშეზე მეტად არის გუნდის თამაშში ჩართული.

პასების რაოდენობით, ნეიმარი ბოლო ორ სეზონში ლეო მესისაც კი აღემატება. სხვა ევროპული გრანდების ლიდერები კი ამ კომპონენტში მასთან ახლოსაც კი არ არიან.

ნეიმარის გუნდი

პარი სენ ჟერმენი ერთპიროვნულად ნეიმარის გუნდია. უმეტეს შემთხვევაში, პასების რაოდენობით ის მოთამაშეები ლიდერობენ ხოლმე, რომლებიც სხვა ფეხბურთელებს უქმნიან დასარტყმელ სიტუაციებს. ერთადერთი გამონაკლისი ისევ და ისევ ლეო მესია (და ნაწილობრივ ედენ აზარი), რომელსაც შეუძლია, რომ თვითონაც ბევრი გოლი გაჰქონდეს, მეტოქის კარს მუდამ საფრთხეს უქმნიდეს და ამავე დროს, აქტიურად თამაშობდეს პასში და ქმნიდეს საგოლე მომენტებს თანაგუნდელებისთვის.

ნეიმარი არამხოლოდ პასების რაოდენობით ლიდერობს, არამედ ძალიან ხშირად არტყამს კარში. თამაშში იგი საშუალოდ 3.9-ჯერ არტყამს. ბარსელონაში მას უფრო ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა - თამაშში საშუალოდ 3.1 დარტყმა. კატალონიაში გატარებულ თავის პირველ ორ სეზონში კი ნეიმარი თამაშში 3 დარტყმასაც კი ვერ აგროვებდა.ამის მიუხედავად სწორედ მისი მეორე სეზონი კამპ ნოუზე (2014/2015) აღმოჩნდა მისთვის ყველაზე წარმატებული ანუ ის სეზონი, რომელშიც იგი ბარსას თამაშში შედარებით ნაკლებად იყო ჩართული.

საინტერესოა დარტყმების დისტანცია. არცერთ კატალონურ სეზონში ნეიმარს თამაშში საშუალოდ ერთი დარტყმაც კი არ ჰქონია შორეული დისტანციიდან, მაშინ როდესაც პარიზში იგი თავისი დარტყმების მესამედზე მეტს საჯარიმოს გარედან ასრულებს. გასულ სეზონში კი მას საერთოდაც თამაშში 1.8 დარტყმა ჰქონდა საჯარიმოს გარედან. ეს იმას ნიშნავს, რომ დარტყმების რაოდენობის ზრდა იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ნეიმარს პარიზში დარტყმისათვის უკეთესი მომენტები ექმნება, არამედ იმით, რომ მას უბრალოდ სურს კარში ხშირად დაარტყას და ამისთვის სტატისტიკურად დაბალპროცენტიან შორეულ დარტყმებზეც არ ამბობს უარს.

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ნეიმარზე ხშირად მხოლოდ ლეო მესი არტყამს კარში.

დრიბლინგი როგორც თვითმიზანი?

ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა. განსაკუთრებით ეფექტური იგი დრიბლინგისა და ერთი-ერთზე მცველის მოტყუების დროს არის. გასულ სეზონში იგი, რეკორდულად ბევრჯერ, თამაშში საშუალოდ 10-ზე მეტჯერ მიდიოდა დრიბლინგში. წელს მისმა მაჩვენებელმა სულ მცირედით მოიკლო, თუმცა მაინც უფრო მეტია, ვიდრე ბარსელონაში მისი სტატისტიკური მაჩვენელი იყო. ბარსაში ნეიმარს თამაშში საშუალოდ 7.2-ჯერ მიდიოდა დრიბლინგში, რაც ასევე დიდი მაჩვენებელია, თუმცა პარიზში ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზარდა. თანამედროვე ათლეტურ ფეხბურთში კაცის მოტყუება ძალიან რთულია, თუმცა ნეიმარის გულშემატკივართა სასიხარულოდ ბრაზილიელს ეს რთული სათამაშო ელემენტი ძალიან კარგად გამოსდის. სტატისტიკურად ფეხბურთელების უმეტესობა დრიბლინგის დროს ბურთს ხშირად კარგავს, თუმცა ნეიმარი თავისი დრიბლინგის 62 პროცენტს წარმატებით ასრულებს.

სტატისტიკის მიხედვით, ნეიმარზე უკეთ დრიბლინგში მხოლოდ მესი თამაშობს, მხოლოდ მას აქვს მასზე მეტი წარმატებული დრიბლინგის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ნეიმარი ბევრად უფრო ხშირად მიმართავს ამ სათამაშო ელემენტს, ვიდრე რომელიმე სხვა მოთამაშე, თუნდაც მესი. იგი ორჯერ უფრო ხშირად მიდის დრიბლინგში კაცის მოსატყუებლად ვიდრე მბაპე ან აზარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა.

ნეიმარის მთავარი პრობლემა

ნეიმარის დრიბლინგი ეფექტურია, თუმცა ხშირ შემთხვევაში არაა შედეგზე გათვლილი. იგი უბრალოდ ზედმეტად ხშირად იღებს თავის თავზე თამაშს. თანამედროვე ფეხბურთში არცერთ მოთამაშეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასე ხშირად ითამაშოს კაცის მოტყუებაზე.

დრიბლინგის დროს ხშირად მეტოქის დაცვა გადაწყობას და სივრცეების დაკეტვას ასწრებს. ნეიმარი ამ პრობლემას ხშირად აწყდება. ბურთი ყველაზე სწრაფად პასის დროს მოძრაობს, ნეიმარის დრიბლინგი კი რიგ შემთხვევებში თამაშს მხოლოდ ანელებს.

მესისგან განსხვავებით, რომელიც კაცის მოტყუების ხარჯზე იღებს უპირატესობას და შემდეგ ამ უპირატესობას სახიფათო მომენტად გარდაქმნის (თავისთვის ან თანაგუნდელისთვის), ნეიმარი ბევრად უფრო ცუდად არჩევს მომენტს, როდესაც თავის თავზე უნდა აიღოს თამაში და შედეგად, იგი კაცის მოტყუების შედეგად მიღებულ უპირატესობას ხშირად სახიფათო მომენტად ვეღარ გარდაქმნის.

მთელ რიგ მომენტებში, იგი უბრალოდ ზედმეტად ერთობა ბურთის ტარებით და აგვიანებს გადაცემას. იგი მესის პირველ რიგში არა ტექნიკური მონაცემებით, არამედ სათამაშო ინტელექტით და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარით ჩამოუვარდება, არადა მას სურს, რომ თავისი გუნდის თამაშს მესის მსგავსად ყველა სათამაშო ელემენტში წაუძღვეს.

სწორედ ამიტომ, კილიან მბაპე ამ სეზონში ხშირად უფრო ეფექტურ მოთამაშედ გვევლინება. თამაშში იგი ორჯერ უფრო იშვიათად მიდის დრიბლინგში, თუმცა მისი დრიბლინგი ყოველთვის სისწრაფეზე და თამაშის გამწვავებაზეა გათვლილი.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა ნეიმარის მიერ დაკარგული ბურთებია.

ნეიმარი თითქმის ორჯერ უფრო ხშირად კარგავს ბურთს, ვიდრე სხვა მისი სტილის ფეხბურთელები. ამ კატეგორიაში ის დაკარგული ბურთები შედის, რომელსაც მოთამაშე ცუდი მიღების ან მეტოქის კარგი თამაშის წყალობით კარგავს. ამას დაამატეთ ნეიმარის დრიბლინგი, მისი ხშირი დარტყმები შორი დისტანციიდან მეტოქის კარისკენ, შეცდომები გადაცემების დროს და მივიღებთ, რომ მას თამაშში დაახლოებით 25 დაკარგვა უგროვდება. ეს ძალიან დიდი ციფრია. საერთო ჯამში მივიღებთ, რომ ნეიმარი ზედმეტად ხშირად ცდილობს თამაში თავის თავზე აიღოს. უფრო დაბალი კლასის გუნდებთან შეხვედრაში ეს პრობლემა თვალში ნაკლებად გვხვდება, თუმცა მაღალი კლასის გუნდებთან, მსოფლიოს ჩემპიონატზე ან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, ნეიმარის თითოეულ დაკარგულ ბურთს ან დრიბლინგით შეყოვნებულ შეტევას უფრო მეტი ფასი აქვს.

ვარსკვლავური ავადმყოფობა

სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მან თავის თამაშში ხარვეზები შეამციროს და ბევრად უფრო ეფექტური მოთამაშე გახდეს. თავისი ტალანტითა და ტექნიკური მონაცემებით ნეიმარი უნიკალური მოთამაშეა. მისი კარიერული ზრდისთვის აუცილებელია, რომ მოხვდეს ისეთ მწვრთნელთან, ან ისეთ სათამაშო სისტემაში, რომელიც მის ძლიერ მხარეებს უფრო წარმოაჩენს, ხოლო სისუსტეებსა და ხარვეზებს კი დამალავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ნეიმარს უფრო ავტორიტეტული მწვრთნელი და კლუბი სჭირდება. ის, რაც მოედანზე ხდება, პირდაპირი გამოძახილია ნეიმარის არასაფეხბურთო, მარკეტინგული იმიჯის.

ნეიმარი ადრეული ასაკიდანვე ბრაზილიის უმთავრეს ტალანტად ითვლებოდა. უკვე 19 წლის ასაკში ნეიმარს 11 წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება ჰქონდა ნაიკთან, პანასონიკი კი წელიწადში 2.4 მილიონ დოლარს უხდიდა. ბოლო 10 წელში ბრაზილიას ნეიმარის კალიბრის ტალანტი არ ჰყოლია.

ნეიმარი ბრაზილიის ერთადერთი სუპერვარსკვლავია და ბრაზილიელი გულშემატკივარი ადრეული ასაკიდანვე იმედოვნებდა, რომ იგი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა. ადრეული ასაკიდანვე მას გადაჭარბებულ მოლოდინებთან ჰქონდა საქმე და მიჩვეულია, რომ იყოს ზედმეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

სიტუაცია უფრო გაართულა პარი სენ ჟერმენთან დადებულმა კონტრაქტმა. იმისთვის, რომ იგი ბარსადან ტრანსფერზე დაეთანხმებინათ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მას არაადეკვატური პირობები შესთავაზა - კოლოსალური ხელფასი და ზედმეტად პრიორიტეტული მდგომარეობა გუნდში. მას ბევრად უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე სხვა მოთამაშეებს, რომელთაგანაც იგი, მაგალითად, მოითხოვს, რომ ვარჯიშებზე ხისტად არ ეთამაშონ. მოცემულ მომენტში იგი უფრო დიდია, ვიდრე პარიზული კლუბი.

პსჟ ყველაფერზე მიდის, რომ მესის და რონალდოს შემდეგ ყველაზე დიდი ტალანტი სწორედ მათ გუნდში თამაშობდეს. თუმცა, რაც უფრო მეტია, ნეიმარის, ვარსკვლავური იმიჯი, მით მეტად ცდილობს იგი თავისი გუნდის თამაში თავის თავზე მოირგოს. იგი ცდილობს, რომ იყოს უპირობო და ერთადერთი ლიდერი, რისი რესურსი და, პირველ რიგში, სათამაშო ინტელექტი მას არ ჰყოფნის.

იგივე პრობლემას აწყდება იგი ბრაზილიის ნაკრებში. განსაკუთრებით ნათლად ეს გასულ მუნდიალზე გამოჩნდა. ბრაზილიას ძალიან კარგი და დაბალანსებული გუნდი ჰყავდა. თუმცა, ნეიმარი, რომელიც ტრავმის გამო ფორმაში არ იმყოფებოდა, ზედმეტად ხშირად ცდილობდა თამაშის თავის თავზე აღებას, მას ფაქტობრივად მარტოს სურდა თამაშის ბედის გადაწყვეტა - უფრო ხშირად ურტყამდა კარში, ხშირად მიდიოდა დრიბლინგში და მეტჯერ კარგავდა ბურთს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. არადა, სელესაოს ამის საჭიროება არ ჰქონდა - გუნდი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, მხოლოდ ნეიმარი გამოიყურებოდა ამოვარდნილად გუნდური სისტემიდან. მისი სუპერვარსკვლავური იმიჯიდან გამომდინარე კი ტიტეს, სელესაოს მწვრთნელს, ფაქტობრივად, არ შეეძლო ემართა ნეიმარი და კორექტივები შეეტანა მის თამაშში.

ამ საუკუნეში გუნდის ლიდერობის რამდენიმე სხვადასხვა მაგალითი ვნახეთ. ნეიმარი პირლოს, ჩავის ან ზიდანის მსგავსად ის ფეხბურთელი არ არის, რომელიც თანაგუნდელებს ათამაშებს. იგი არც “ელ ფენომენო” რონალდოს ან კრიშტიანო რონალდოს ჰგავს - მოთამაშეებს, რომელიც იდეალურად გარდასახავენ გოლებად თანაგუნდელების მიერ მომზადებულ მომენტებს. მას ამბიცია აქვს, რომ ეფექტური და სანახაობრივი თამაშით თან იყოს ძალიან შედეგიანი და შეაგდოს ბევრი გოლი, თან წაუძღვეს მთელი გუნდის თამაშს. ასე თამაშობდნენ თავის საუკეთესო წლებში რივალდო და რონალდინიო, წლიდან წლამდე, სტაბილურად, ამ ტიპის ლიდერობას კი მხოლოდ ლეო მესი ახერხებს. ნეიმარს კი მისი უზომო ტალანტის მიუხედავად ამის რესურსი არ ჰყოფნის.

ნეიმარის კარიერული ზრდისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მან კლუბი შეიცვალოს და ითამაშოს იქ, სადაც იგი გუნდის სისტემიდან ამოვარდნილი არ იქნება. ეფექტურ გუნდურ სისტემაში და ავტორიტეტულ მწვრთნელთან ნეიმარი კიდევ უფრო შედეგიანი გახდება. მას მოუწევს თავისი ფუნქციების სხვა ლიდერებთან გადანაწილება და შედეგად მისი ხარვეზები შემცირდება, ეფექტიანობა კი გაიზრდება. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ნეიმარს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მესის და რონალდოს ეპოქის შემდეგ პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ იქცეს. მოცემულ მომენტში ნეიმარი თავისივე მარკეტინგული იმიჯის მსხვერპლია - თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი სუპერგმირის როლის მორგებას და მისთვის შეუსრულებელი მისიის შესრულებას ცდილობს.

კომენტარები

ბოლო ამბები