Thumbnail

პოლ კალიჯური - მილიარდიანი გოლის გამტანი კაცი

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

პოლ კალიჯურიმ 1989 წელს ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშნვნელოვანი გოლი გაიტანა და ქვეყანაში 25 წლიან, ფეხბურთის უპრეცენდენტო განვითარებას დაუდო სათავე.

1989 წლის ნოემბერში ამერიკის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის კონკა-კაფის პლეი-ოფის მატჩის სათამაშოდ ტრინიდადში გაემგზავრა. ფრის ან წაგების შემთხვევაში 1990 წლის იტალიის მუნდიალზე ტრინიდადი და ტობაგო ითამაშებდა - ამერიკელებს მხოლოდ მოგება აწყობდათ.

ეს შეერთებული შტატებისთვის 1950 წლის შემდეგ მუნდიალზე თამაშის პირველი რეალური შანსი გახლდათ. პარალელურად ფიფაში განიხილებოდა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის საკითხი, აქ ამერიკას კონკურენციას მექსიკა და ბრაზილია უწევდნენ. ქვეყნები, რომლებსაც სტადიონები ჰქონდათ და სადაც ამერიკისგან განსხვავებით, ფეხბურთი უპირობო, ნომერ პირველი სპორტის სახეობას წარმოადგენდა.

„იანკებმა“ ტრინიდადამდე ელ სალვადორთან შინ ფრედ ითამაშეს და იტალიაში წასვლის საქმე საგრძნობლად გაირთულეს. ფიფაში უკვე დაიწყო საუბრები მექსიკის და ბრაზილიის შესახებ. იმის შესახებ, რომ ამერიკას პროფესიული საფეხბურთო ლიგა არ გააჩნდა, სტადიონები არ ჰქონდა, 1990-ში ნაკრების მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში კი 4 წლის მერე, ასეთ ქვეყანაში მუნდიალის გამართვა უტოპიას ემსგავსებოდა.

ამიტომ ბენ გასლერის გუნდს ტრინიდადში უეჭველად უნდა მოეგო! გუნდი პორტ ოფ სპეინში ფლორიდადან გაემგზავრა, ტრინიდადში ჩასულებს აეროპორტში 5,000 გულშემატკივარი დახვდათ, მთელი ღამე მათ სასტუმროსთან ხმაური და საზეიმო განწყობა იყო, ამის გამო მატჩის წინა დღეს, მთელ გუნდს ყურის საცობებით ეძინა.

თამაშის დღეს გასლერმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, ყველასთვის მოულოდნელად 11 კაცში გერმანიის დაბალ ლიგებში მოთამაშე კალიფორნიელი -  პოლ კალიჯური მოხვდა.

გასლერმა კალიჯური მოედნის ცენტრში, საყრდენზე დააყენა და ტრინიდადელთა შემტევის - რასელ ლატაპის განეიტრალება დაავალა, რომელიც პასებით დუაიტ იორკს ამარაგებდა.

„წინ არ უნდა წავსულიყავი, ლატაპი უნდა ამეყვანა და კონტრ-შეტევების ჩაშლაზე მეზრუნა.“ იხსენებდა მეპენის ნახევარმცველი...

შეხვედრის 31 წუთზე, კალიჯურიმ ტაბ რამოსისგან ცუდი პასი მიიღო, დაამუშავა და კარისკენ დაიძრა „ორი რამ შეიძლებოდა გამეკეთებინა, ერთი, რომ გვერდით გუნდელისთვის გამეგორებინა და მეორე, თავისუფალი სივრციდან ჩემზე წამოსული კერი ჯემერსონი მომეტყუებინა...“

„მოვატყუე და საჯარიმოს წინ თავისუფალ ზონაში შევედი... დაკვირვებული ვარ, გოლფის, ბეისბოლის და ფეხბურთის მოთამაშეებს რაღაც გრძნობა აქვთ ხოლმე, გრძნობა, რომ ჩანაფიქრი გამოგივა. ეს გრძნობა მქონდა ზუსტად, დავარტყი და შორიდან შევაგდე!“

აქამდე კალიჯურის ნაკრებში ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, 1985-ში იგივე ტრინიდადის წინააღმდეგ. „მაშინაც კარში მაიკლ მაურისი იდგა და ეს, რომ ვიცოდი, მაინც დარტყმა გავრისკე. იქნებ კიდევ გამომივიდეს მეთქი...“

გასახდელში ჩასულებს ბენ გასლერი არიგებდა. „შესვენებაზე ვთქვით, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. ტრინიდადში მოგება, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ბიძგი იქნებოდა და ამ შანსის გაფუჭებას, ფეხბურთელები ჩვენ თავს ვერ ვაპატიებდით!“

„მეორე ტაიმში, რომ არა ჩემი გუნდელები, ალბათ გაგვითანაბრებდნენ. ტონი მეოლამ ურთულესი ბურთები აიღო, ტაბ რამოსი ყველგან დარბოდა, ჯონ ჰარკსმა კი წინ ბურთი იმდენი ათრია, რომ სათამაშო დროის ერთი 20 წუთი მგონი მის დრიბლინგებში გავიდა.“

ამერიკამ მატჩი მოიგო და 1950 წლის შემდეგ პირველად გაემგზავრა მსოფლიოს ჩემპიონატზე. კალიჯურის გოლის შემდეგ ამერიკას 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მისცეს და ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ბუმი დაიწყო, აშენდა და გარემონტდა სტადიონები. კალიჯურის გოლის შემდეგ, 1993 წელს შეიქმნა პროფესიული ლიგა MLS-ი, რომლიც წლიდან წლამდე ვითარდება და დასწრების რეკორდებს ხსნის.

თამაშის შემდეგ ტრინიდადის და ტობაგოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯეკ უარნერი ამერიკის გასახდელში შევიდა, კალიჯურის გვერდით მიუჯდა და უთხრა „წარმოადგინეთ ამერიკა მუნდიალზე, ისე, როგორც ტრინიდადელებს უნდოდათ წარმოედგინათ ტრინიდადი. მთელ გუნდს გილოცავთ დამსახურებულ მოგებას.“

1990 წლის იტალიის მუნდიალზე, ჯგუფში ამერიკას ყველა მეტოქესთან 10:0 წაგებას უწინასწარმეტყველებდნენ...  ყველა ცინიკურად და სკეპტიკურად იყო განწყობილი. „ყველა დაგვცინოდა, მაგრამ გავედით მინდორზე და მასპინძელ იტალიას, მსოფლიო გრანდს თანაბრად ვეთამაშეთ, მხოლოდ 1:0 წავაგეთ, და არა 10:0!“

„მომენტებიც გვქონდა... მე ვფიქრობ, რომ ზუსტად მანდ, იტალიასთან თამაშის დროს ამერიკული ფეხბურთი სამუდამოდ შეიცვალა, ნაკრებიც შეიცვალა, ყველამ ირწმუნა, რომ თამაში შეგვიძლია.“ ამობს კალიჯური.

როგორც ESPN-ის კომენტატორმა, ჯონ პოლ დელაკამერამ განაცხადა, კალიჯურიმ 1989 წელს ტრინიდადში მილიარდიანი გოლი გაიტანა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამერიკაში ფეხბურთი და მართლაც ასეა, 1989 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში ფეხბურთი საგრძნობლად განვითარდა - დარბაზის ფეხბურთის და ვეტერანი ევროპელი მოთამაშეების თავშესაფარი მას შემდეგ პროფესიულ რელსებზე დგას.

მილიონობით დოლარის საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში ჩადებულმა ინვესტიციამ, ამერიკელებს ახალი ლიგა (MLS), ახალი მოედნები, მსოფლიოში საუკეთესო ქალთა ფეხბურთის სკოლა და კარგი სანაკრებო სისტემა მისცა. ეროვნულმა გუნდმა კი პოლ კალიჯურის გოლის შემდეგ, ზედიზედ 7 მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები