Thumbnail

როგორ ვუყურებთ ხვალ - ერეკლე ინაშვილი სპორტული მაუწყებლობის მომავალზე

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე
  • სტანდარტული სატელევიზიო მაუწყებლობა განსხვავებულ ფორმებს იძენს
  • პროდუქტის ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობა მთავარი პრიორიტეტი ხდება

ახალი თაობის სპორტული პროდუქტები - რა იგულისხმება ამაში და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი? სტანდარტული სატელევიზიო მაუწყებლობა განსხვავებულ ფორმებს იძენს. სწრაფი დიჯიტალიზაციის პერიოდში პროდუქტის ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობა მთავარი პრიორიტეტი ხდება.

ერეკლე ინაშვილი (დიზაინერი, ბრენდინგი და პროდუქტის განვითარება) 2006 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, საკუთარი Brand Thinking სტუდია აქვს და ევროპის უდიდესი მედია კომპანიის, Sky-ს პროდუქტების განვითარების დეპატრტამენტში რამდენიმე წელი აქვს გატარებული. ახლა იგი სპორტული მაუწყებლობის ახალი პლატფორმის განვითარებაშია ჩართული, რომელსაც თავად ქუჩის კალათბურთელს ადარებს და რომელსაც არაფორმალურად Netflix of Sports-ს უწოდებენ.

popsport: დიდი ხანია, რაც საქართველოში არ ცხოვრობ. წამყვან სპორტულ მაუწყებლებთან მუშაობ და საკუთარი სააგენტოც გაქვს. მოგვიყევი შენზე…

ინაშვილი: 2006 წელი იყო, თბილისიდან რომ წამოვედი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, განათლება მიმეღო და მალევე უკან დავბრუნებულიყავი. ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ მედია სკოლაში მოვხვდი: ეს არის Filmakademie Baden-Württemberg, რომელიც გერმანიის ქალაქ Ludwigsburg-შია. ეს იყო გარემო, სადაც ყოველ წელს ყველა სტუდენტი სხვადასხვა ჯილდოს, ჩვეულებრივად სასემესტრო ნამუშევრით იგებდა. მახსოვს, პირველი ჯილდო Visual Music Award-ზე მეც მოვიგე. ამის პარალელურად, ისეთი მედია კომპანიები, როგორებიცაა MTV arte ან RTL, თამამად გვანდობდნენ თავიანთი პროდუქციის წარმოებას. ამან სხვა პერსპექტივები გამიხსნა და კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, 2010 წელს, ყველაზე დიდი გერმანული ტელეარხის, RTL-ის მარკეტინგის და ბრენდინგის განყოფილებაში მოვხვდი. 2012 წელს მივიღე შემოთავაზება მედია კომპანიიისგან Sky, რომელიც ევროპაში მთავარი სპორტული მედიაა.

ინოვაციური პროექტები 2016 წელს German Design Award-ის ჟიურისაც არ გამორჩენია

Sky-ს გუნდთან ერთად ვიმუშავე Sky Sport News-ის ბრენდინგზე და ინტერაქტიული Touch Screen-აპლიკაციების დიზაინი შევქმენი. რიო ფერდინანდი და ტიერი ანრი მატჩის წინ რომ სტუდიაში ტაქტიკას არჩევენ და მოედანს ინტერაქტიული გრაფიკის მეშვეობით ხაზავენ, სწორედ ამაზე მაქვს საუბარი. მახსოვს, მაშინ სქაის ექსპერტების გუნდი, არც მეტი, არც ნაკლები, ფრანც ბეკენბაუერის, ლოთარ მათეუსის, შტეფან ეფენბერგის და სხვა ლეგენდებისგან შედგებოდა. შემდეგ წლებში აქცენტი თანამედროვე ტელევიზიის შექმნას დაუთმე და Sky-ის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტში, ახალი თაობის ტელევიზიის შექმნაზე ვიმუშავე. 

popsport: განგვიმარტე, რა იგულისხმება ახალი თაობის ტელევიზიაში?

ინაშვილი: ეს არის ზუსტად ის, რასაც Youtube Generation-ს ვუწოდებთ, სადაც Content-ია მთავარი და არა ის, თუ რომელი არხი როდის რას მომაწვდის. ფილმების, სერიალების და მათ შორის სპორტული ტრანსლაციების ყურების წესი ჩვენ თვალწინ შეიცვალა. დღეს Content-ს ყველა პლატფორმაზე მოვიხმართ, სმართფონებზე, პლანშეტებზე და მათ შორის ტელევიზიით. თუმცა აღარ ვართ მიჯაჭვული ტელევიზიაზე და თავისუფლად შეგვიძლია ვუყუროთ ჩემპიონთა ლიგის მომენტებს სმარტფონზე, აპლიკაციის მეშვეობით, ან სულაც ჩავუჯდეთ სერია A-ს ლაივს ავტობანზე მგზავრობისას. ეს რეალობაა, რომელიც დიდწილად ისეთი პროდუქტების გაჩენამ განაპირობა, როგორიცაა კინოინდუსტრიისთვის Netflix, ხოლო მუსიკალური ინდუსტრიისთვის Spotify. ამჟამად, სწორედ ასეთი ტიპის პროდუქტზე ვმუშაობ სპორტის ინდუსტრიისთვის. პროდუქტს DAZN ჰქვია და საკმაოდ სწრაფი ტემპით მზარდი პლატფორმაა. არაფორმალურად Netflix of Sports-ს ეძახიან.

პლატფორმას DAZN ჰქვია და არაფორმალურად Netflix of Sports-ს ეძახიან

popsport: რას ნიშნავს DAZN?

ინაშვილი: DAZN, ანუ  In da Zone. თვითონ სახელი უკვე აჩვენებს პროდუქტის უშუალო ხასიათს. ადამიანად რომ წარმოიდგინო, ის ქუჩის კალათბურთელია, რომელიც გულწრფელი და პირდაპირია ხალხთან. იმას აძლევს მომხმარებლებს, რაც მათ სჭირდებათ - ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ისე კი, ეს არის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველგან, ტელეფონებზე, სმარტ ტვ-ზე, Play Station-ზე და Xbox-ზე - ანუ, პრაქტიკულად ყველგან, სადაც შეგიძლია ვიდეოს უყურო. სააბონენტო პრინციპიც მარტივია: გადაიხადე თვიური აბონიმენტი და უყურე თითქმის ყველა სახეობის სპორტულ ტრანსლაციებს, ლაივში და ჰაილაითების სახით.

აპლიკაცია ყველგან ხელმისაწვდომია

popsport: როგორია შენი როლი ამ პროცესში?

ინაშვილი: ჩემი როლი განისაზღვრება როგორც Service Design Lead, ანუ, პროდუქტისთვის ახალი ფუნქციების მოფიქრება და ვიზუალური დიზაინის შექმნა. ჩემი მიზანია, ისეთი ფუნქციების და ნავიგაციის შევქმნა, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს პროდუქტის მოხმარება. ამავე დროს, დავამკვიდროთ ბრენდი და შევქმნათ პროდუქტის უნიკალური ხელწერა.

popsport: სპორტული ტრანსლაციების მიმართულებით ეს დიდი ნოვაციაა. უკვე განვლილი პერიოდით რომ ვიმსჯელოთ, რა მომავალი აქვს ამ მომსახურებებს?

ინაშვილი: გეთანხმებით, როგორც ვახსენე, Netflix-მა და Spotify-მ უკვე მოახდინეს ეს გარღვევა მუსიკაში და კინოინდუსტრიაში. ახლა სპორტის ჯერია და ამ მხრივ DAZN ნამდვილად მზარდი პროდუქტია. შესულია გერმანიაში იტალიაში, იაპონიაში, კანადაში და აშშ-ში. 

popsport: ტრანსლაციების უფლებების მოპოვების კუთხით როგორი მდგომარეობაა? რამდენად ხერხდება სასურველი ლიცენზიების მოპოვება, როდესაც ბაზარზე ისეთი გიგანტია, როგორიც მაგალითად SKY?

ინაშვილი: ეს რთული საკითხია, ტრანსლაციების უფლებების ლიბერალიზაციის პროცესიც, ამგვარი სერვისების გაჩენით არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან სპორტი ისევე, როგორც მუსიკა და სერიალები, ბევრად უფრო იოლად ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იყო მოწინავე პოზიციაზე და პირველმა გაკვალო გზა, ადვილი და ხარისხიანი სპორტული კონტენტისთვის, ყველგან და ყოველთვის.  

popsport: ბევრი და მაგარი სპორტსმენი ვნახეთ თქვენს კამპანიებში ჩართული. ბრენდის სახეების შერჩევის კრიტერიუმები და შემდეგ მათთან მუშაობის სპეციფიკა როგორია?

ინაშვილი: განსაკუთრებით საინტერესო ალბათ კრიშტიანო რონალდო იყო, რომლის ტრანსფერი იუვენტუსში იდეალურად დაემთხვა DAZN-ის შესვლას იტალიაში. ამან ახალი ბრენდის დამკვიდრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ამ აქტივობის შედეგია, რომ დღეს იტალიაში მოსახლეობის უმეტესობამ კარგად იცის, რა არის DAZN. გარდა ამისა, ბრენდთან ასოცირებული სახეები იყვნენ ანდრეი შევჩენკო, პაოლო მალდინი და ლუიშ ფიგუ.

popsport: ევროპაბეთის სახე იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეა პირლო გახდა.. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია, ბრენდებმა ითანამშრომლონ ასეთ დიდ სახელებთან?

ინაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ვცხოვრობ, თვალს ვადევნებ საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიას. ევროპაბეთის მიერ ანდრეა პირლოს ბრენდის სახედ წარმოდგენამ კვალი დაამჩნია არამარტო ბრენდის ფასეულობას, არამედ მთლიანად ქვეყნის და რეგიონის სარეკლამო ინდუსტრიას. განსაკუთრებით თვალში მომხვდა, ძალიან მაღალი დონის ვიდეო-განხორციელება, უმცირესი დეტალების ჩათვლით. აღარ ვლაპარაკობ სტრატეგიულ გადაწყვეტილებასა და კონცეფციაზე, რის მიხედვითაც პირლო ქართული რეალობის ორგანულ ნაწილად წარმოჩინდა (როგორც კარგად ნაცნობი ფილმის გმირი). ასევე მესიჯი, რომელიც იდეალურად ეხმიანება გემბლინგის მთავარ პრინციპებს: 'ითამაშე შენი სიამოვნებისთვის'. 

popsport: NETFLIX მომსახურებით სარგებლობა საქართველოში შესაძლებელია, Spotify-ზე წვდომის მოპოვება მხოლოდ შემოვლითი გზებით ხერხდება. DAZN-ს როდის უნდა ველოდოთ საქართველოში?

ინაშვილი: DAZN სწრაფად მზარდი ბიზნესია, და ასეთი ტემპებით განვითარების პირობებში, არ გამიკვირდება თუ ოდესმე ჩვენს რეგიონსაც მოიცავს, თუმცა როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ეს არ არის დაგემილი.

popsport: თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობ და ამას დისტანციურად აკეთებ. რამდენად საინტერესო პროცესია და ქართველი სტუდენტების ახალ თაობაზე რისი თქმა შეგიძლია?

ინაშვილი: თავიდან, ცოტა კრიტიკულად ვუყურებდი დისტანციური ვიდეოჩართვების მეშვეობით სალექციო კურსის წაყვანას. თუმცა მერამდენე წელია, სრულიად საპირისპირო მტკიცდება თავისუფალი უნივერსიტეტის უახლესი ვიდეოტექნიკის წყალობით. უფრო მეტიც, არანაირი განსხვავება არ არის ლაივ და დისტანციურ კომუნიკაციას შორის. სტუდენტებთან ინტერაქციაც ცოცხალი და დინამიურია. სტუდენტებს საშუალება აქვთ განავითარონ სრულიად ახალი პროდუქტი ინოვაციური Service Design Thinking-ის მიდგომებით. კურსის ბოლოს, გვაქვს შედეგი: ზოგი ფიქტიური, ზოგიც რეალური პროდუქტის სახით. რომლის წარმატებითაც ყველანი ამაყები ვართ.

კომენტარები

ბოლო ამბები